როგორ მუშაობს გული
გული შედგება ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისგან. გულის მუშაობას მისი საკუთარი ელექტრული სისტემა განაგებს. გულის თითოეულ შეკუმშვას თითო ელექტრული იმპულსი იწვევს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ სინუსის კვანძში (გულის ბუნებრივ რიტმის წამყვანში) წარმოიქმნება. სინუსის კვანძი სპეციალიზებული უჯრედების ჯგუფია, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. სინუსის კვანძში წარმოქმნილი იმპულსები განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს. იმპულსი ჯერ მარჯვენა და მარცხენა წინაგულის კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი წინაგულებიდან პარკუჭებში გადადის. ამის შემდეგ იმპულსი აღწევს ატრიო-ვენტრიკულურ (ავ) კვანძს, რომელიც ერთგვარი ელექტრული კარიბჭეა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის. აქ იმპულსი სულ მცირე ხნით ყოვნდება, ვიდრე პარკუჭებისკენ გავრცელდებოდეს. ავ კვანძიდან პარკუჭებისკენ იმპულსი სპეციალური ბოჭკოების საშუალებით ტარდება, რომელთაც ჰის-პურკინიეს სისტემა ეწოდება. ბოჭკოების ამ ქსელის საშუალებით იმპულსი პარკუჭების კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი პარკუჭებიდან სხეულის სხვადასხვა ორგანოებისკენ გადაისროლება. სინუსის კვანძი ახალ იმპულსს გამოიმუშავებს და ყველაფერი თავიდან იწყება.
„ბუნებრივი პეისმეიკერის“, ან გულის გამტარი სისტემის დაზიანების შემთხვევაში გულისცემის სიხშირე მცირდება, ამას შესაძლოა ბევრი გართულება მოჰყვეს, მათ შორის გონების დაკარგვა და ადამიანის სიკვდილი.
სინუსის კვანძისა და გულის გამტარი სისტემის დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია ხელოვნური პეისმეიკერის (სტიმულატორის) ჩანერგვა (იმპლანტაცია), რათა აღდგეს გულისცემის ნორმალური სიხშირე და ორგანიზმის სისხლით მომარაგება.
რა არის პეისმეიკერი
ხელოვნური პეისმეიკერი მცირე (დაახლოებით 3-4სმ) ზომის აპარატია. ის შედგება კომპიუტერული ნაწილისა და ბატარეისგან. პეისმეიკერის სისტემის შემადგენელი ნაწილია ელექტროდი, რომლის მეშვეობითაც ის გულის გარკვეულ ნაწილს უკავშირდება.
როგორ ტარდება ოპერაცია
პეისმეიკერის ჩასანერგად დიდი ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო. ამ ოპერაციის დროს ლავიწის ძვლის ქვემოთ (მარცხენა ან მარჯვენა მხარეს) კეთდება დაახლოებით 4სმ სიგრძის განაკვეთი და ამ მიდამოში ხდება პეისმეიკერის მოსათავსებელი ადგილის, ე.წ. „ჯიბის“ ფორმირება.
ლავიწქვეშა ვენის გავლით, რენტგენოსკოპიის კონტროლით ხდება ელექტროდის, ან ელექტროდების გულში შეყვანა და სათანადო ადგილებში დამაგრება. ელექტროდის მეორე დაბოლოება პეისმეიკერს უერთდება, შემდეგ ჭრილობა იკერება და ოპერაცია სრულდება. სტანდარტულად ოპერაცია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით ზოგადი ანესთეზიის გარეშე. ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია. სტანდარტულ შემთხვევაში ოპერაციის შემდეგ პაციენტი კლინიკაში რჩება ერთი დღე-ღამე. პეისმეიკერის მუშაობის ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და საშუალოდ 8-10 წელია. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, ხდება პეისემიკერის გამოცვლა.
პეისმეიკერის ტიპები
არსებობს ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი ანუ ბივენტრიკულური პეისმეიკერი. ერთკამერიან პეისმეიკერს აქვს ერთი ელექტროდი, რომელიც გულის ერთ კამერაში (მარჯვენა წინაგულში ან მარჯვენა პარკუჭში) მაგრდება. ორკამერიანი პეისმეიკერი ორი ელექტროდით უკავშირდება როგორც მარჯვენა წინაგულს, ისე მარჯვენა პარკუჭს. ბივენტრიკულური პეისმეიკერი (იგივე რესინქრონიზატორი) სამი ელექტროდის საშუალებით უკავშირდება გულს (მარჯვენა წინაგულს, მარჯვენა პარკუჭს და მარცხენა პარკუჭს). ეს უფრო რთული მოწყობილობაა და გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებთან გულის კუმშვადი ფუნქციის გაუმჯობესებისთვის.
პეისმეიკერს შესაძლოა ჰქონდეს სიხშირის ადაპტაციის ფუნქცია. ასეთ აპარატებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეცვალონ გულისცემის სიხშირე პაციენტის აქტივობისა და მდგომარეობის მიხედვით.
პეისმეიკერის სახეს ირჩევს ექიმი პაციენტის დიაგნოზის და მონაცემების გათვალისწინებით.
როდის გამოიყენება პეისმეიკერი
ჩვეულებრივი პეისმეიკერი (ერთკამერიანი და ორკამერიანი) გამოიყენება გულისცემის სიხშირის დაქვეითებისას და გულის შეკუმშვებს შორის პაუზების განვითარების დროს. ბივენტრიკულური პეისმეიკერი კი გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტების გარკვეულ ჯგუფთან.
რა რისკები ახლავს პეისმეიკერის იმპლანტაციას
ჩვეულებრივ, პეისმეკერის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები. ეს გართულებები შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო და ადვილად გადასატანი, ასევე სიცოცხლისათვის საშიშიც.